საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1689 კონსტიტუციური სარჩელი. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1689 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ აკმაყოფილებს გონივრულობის კრიტერიუმს, ვინაიდან საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან არის დაკავშირებული, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და შეუძლებელი ხდება გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი 5-წლიანი ვადის დაცვა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უკანონო გადაწყვეტილების გადასინჯვა, რაც არ არის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების მოთხოვნებთან შეთავსებადი.
მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო მოწესრიგება იცავს სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საბოლოობას, რაც სამართლებრივი უსაფრთხოების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა. დამატებით, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო საფუძვლით, დასრულებული საქმის წარმოების განახლებისთვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არის გონივრული და სამართლიანად აბალანსებს კერძო და საჯარო ინტერესებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროსა და საქმეზე შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირების შემდეგ, იმსჯელა სადავო მოწესრიგების საფუძველზე სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საფუძვლით დასრულებული საქმის წარმოების განახლებისთვის აუცილებელი იყო სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და ამ კონტექსტში ერთმანეთისგან გამიჯნა შემთხვევათა ორი წყება: როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იწყება შესაბამის სამოქალაქო საქმეზე 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის ამ ვადის ამოწურვის შემდეგ და როდესაც გამოძიების დაწყებაც და გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაც დაკავშირებულია 5-წლიანი ვადის შემდგომ პერიოდთან.
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მოწესრიგება მიემართებოდა ისეთ შემთხვევასაც, როდესაც საქმის წარმოების განახლების სადავო საფუძველი გამოვლინდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, დაიწყო გამოძიება, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც სადავო დანაწესის ბლანკეტურად მოქმედების პირობებში იზღუდებოდა, გადაწონიდა გასაჩივრებული რეგულაციით მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდამულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




