საქართველოს საინვესტიციო გარემო რთულ მდგომარეობაშია და ტენდენცია კვლავ გაუარესდება, თუ ქვეყანას არ ექნება მკვეთრად განსაზღვრული საგარეო ვექტორი და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა – Gnoman Wise
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ი აქვეყნებს პუბლიკაციას, რომლითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს მიმოიხილავს.
დოკლუმენტში წერია, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, ნომინალშიც და ეკონომიკასთან მიმართებითაც მუდმივად არასახარბიელო ნიშნულზე იყო.
“შეიძლება ითქვას, განსხვავებული ნომინალური მაჩვენებლები დაფიქსირდა 2022 და 2023 წლებში, შესაბამისად, 2.3 მლრდ და 1.9 მლრდ აშშ დოლარი. თუმცა, ეკონომიკასთან მიმართებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. იგივე ტენდენცია გრძელდება 2024 წელსაც. ცხრა თვის ჯამური მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა, თუმცა, მშპ-ის მესამე კვარტლის მონაცემების ამჟამად არარსებობის გამო, შეუძლებელია ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის დათვლა. შესაძლებელია დავითვალოთ 2024 წლის 6 თვის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნომინალში 33%-ით, ხოლო ეკონომიკასთან მიმართებით, 8%-დან 5%-მდე შემცირდა. ეს კი მიუთითებს, რომ 2024 წელს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მეტად გაუარესდა,” – წერია პუბლიკაციაში.
“წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ არ არის მიმართული, რადგან ხშირია მაჩვენებლების გაუარესება და 2022 და 2023 წლების სტატისტიკა, როგორც გამონაკლისი, წესს ადასტურებს. 2022 და 2023 წლებში საქართველოში მეტი ფულის შემოსვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდებოდა, რა დროსაც ასიათასობით ადამიანი, მათ შორის, რუსეთიდან და ბელარუსიდან, საქართველოში შემოვიდა სანქციებისა თუ გაწვევისგან თავის არიდების მიზნით. 2023 და 2024 წლები კი ამ დროებითი ეფექტის მილევად ტენდენციას კარგად ასახავს.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა. რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, მკვეთრად გაიზარდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩინეთზეც, რომლის ინვესტიციების წილი, 2014-2023 წლებში, კიდევ უფრო დაბალი,” – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
დოკუმენტის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მუდამ პრობლემები იყო და ის ხშირად არა მხოლოდ ეკონომიკასთან მიმართებით, არამედ ნომინალური მაჩვენებლებითაც კი მცირდებოდა, რაც არამიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს.
“ამ ყველაფრის დასტური კი ქვეყნის ყველა მიმართულებით უკუსვლაა. ინვესტიციებზე გავლენას, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობა და შესაბამისად, საკუთრების დაცულობა ახდენს. ამ მხრივ კი, საქართველოში სავალალო მდგომარეობაა. ამ ყველაფერს ემატება მაღალი საგადასახადო წნეხი, სუსტი მაკროეკონომიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. საქართველოს ხელისუფლებამ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გადაუხვია პროდასავლური გეოპოლიტიკური კურსიდან და მკაცრად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება დაიწყო. ასეთ დროს კი საბაზრო მოწყობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ამ ტიპის ქვეყნებში ავტორიტარი ხელისუფლება თავად განკარგავს თითოეულ ეკონომიკურ აქტივობას და ეკონომიკური სტიმულების ნაცვლად, პოლიტიკური არგუმენტებით ხელმძღვანელობს.
სწორედ ამიტომ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო რთულ მდგომარეობაშია და ტენდენცია კვლავ გაუარესდება, თუ ქვეყანას არ ექნება მკვეთრად განსაზღვრული საგარეო ვექტორი და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა. მეორე მხრივ კი, ეკონომიკური გადაწყვეტილებები საბაზრო პრინციპებთან შესაბამისი უნდა იყოს და არა – პოლიტიკურად მოტივირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტიციები ისევ ავტორიტარული ქვეყნებიდან პოლიტიკური დანიშნულებით შემოვა და ისიც – მცირე მასშტაბით, რადგან, როგორც ვნახეთ, რუსეთი და ჩინეთი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინვესტორები არ ყოფილან და მათი ჯამური წილი 7%-ის ფარგლებშია,” – წერია პუბლიკაციაში.