საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე სარდაფში ცხოვრობს

დამოუკიდებელმა მედიამ Холод სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო-ს საზღვარზე გაჭედილი უკრაინის მოქალაქეების ამბავია მოთხრობილი.
სტატიის მიხედვით ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად, რუსეთიდან დეპორტირებული 17 უკრაინელი სარდაფში ცხოვრობს. ლტოლვილები საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოში არ შემოუშვეს.
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაჩერებული ადამიანების ნაწილი ყოფილი პატიმრები არიან, რომლებიც უკრაინის მხრიდან იდენტიფიკაციას ელოდებიან, მეორე ნაწილი კი რუსეთის საემიგრაციო სამსახურების მიერ დაჭერილი და შემდგომში საქართველოს საზღვართან, საბუთების გარეშე დატოვებული უკრაინის მოქალაქეები არიან.
გამოცემას თავის ისტორიას უყვება 31 წლის უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ შულგინი:
“მე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ბოლო 10 წელი რუსეთში ვცხოვრობდი. მიმდინარე წლის იანვარში პოლიციამ დამაკავა, ცხოვრებისა და მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი მომთხოვეს, რომელიც არ გამაჩნია. აქამდეც, წლების განმავლობაში საბუთი არ მქონდა, მაგრამ სამართალდამცავებთან პრობლემა არ შემქმნია. წამართვეს პასპორტი და კრასნოდარში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი დაკავების ცენტრში გადამიყვანეს. იქ 7 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი, შემდეგ საქართველოს საზღვართან დამტოვეს. რუსმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ გამიშვეს, საქართველოს საზღვარზე კი გამაჩერეს და სარდაფში გადამიყვანეს. აქ 2 აგვისტოდან ვცხოვრობ”. – ამბობს შულგინი.
მისი თქმით, 2 აგვისტოდან მოყოლებული არც ერთი რუსეთიდან დევნილი უკრაინის მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს. შულგინი საცხოვრებელ პირობებს აღწერს:
“აქ ნესტია, არ არის გამწოვი, მილიდან კონდენსატი წვეთავს. ჩვენ უბრალოდ პატიმრები ვართ, გარეთ არ გვიშვებენ და არავინ არაფერს გვეუბნება. კვირაში ერთხელ მოხალისეები საჭმლით გვამარაგებენ, მადლობა მათ ამისთვის. ასე რატომ ხდება და ვის მივმართოთ არ ვიცით”.
როგორც Холод წერს რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების საქართველოში არ შემოშვება გავრცელებული პრაქტიკაა. მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის მარტშიც მოხდა.
Холод დამოუკიდებელი რუსული მედიაა, რომელიც 2019 წელს გამოცემა Meduza-ს ყოფილმა ჟურნალისტმა, ტაისია ბეკბულატოვამ დააფუძნა. მედია რუსეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს ამბებს აშუქებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა