2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამ მასშტაბის კლების მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენციაა მიჩნეული, ჯამში 213 მილიონი დოლარის გაყიდვა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება რამდენიმე დღის წინ განაახლა, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიდევ შემცირდა, ადეკვატურობის ნიშნულს ჩამორჩება და ნაკლებია BB სუვერენული რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.
“ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $100 მილიონი დოლარი წინასაარჩევნო კვირაში, სავარაუდოდ იმიტომ რომ გაეძლიერებინა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ. მაისში კი სებ-მა საერთო ჯამში 108.7 მილიონი დოლარი გაყიდა მაშინ, როდესაც “გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ ლარი 7%-ით გაუფასურდა.
ლარის სისუსტე ვალის მიმართულებით წარმოადგენს რისკს, რადგანაც სახელმწიფო ვალდებულებების 71% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. საქართველო ასევე ჩამორჩება BB რეიტინგის ქვეყნებს რეზერვების ადეკვატურობის მიმართულებით, რამაც სექტემბერში 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მდგომარეობით მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია,” – ნათქვამია Fitch-ის შეფასებაში.
Fitch-ს ამჟამად BB სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოსთვის, გვატემალისთვის, ომანისთვის, სან-მარინოს და ვიეტნამისთვის. აღნიშნული ქვეყნებიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მხოლოდ საქართველოს აქვს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის სავალუტო რეზერვებს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე. მისი შეფასებით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული.
„ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც ცალსახად დაგვეთანხმნენ: ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულებაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა. ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება, მაშინ, როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობენ, სწორედაც რომ ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდნენ.
დიახ, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. ოპონენტები აპელირებენ გამოყენებული რეზერვის ოდენობაზე, მაშინ, როდესაც არცერთი კანონი, თუ კანონქვემდებარე რეგულაცია ეროვნულ ბანკს არ ზღუდავს გამოყენებული რეზერვის ოდენობაში.
აქვე დავამატებდი, რომ რეზერვების დონე დინამიკური მაჩვენებელია და წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით – სებ-ის სავალუტო ყიდვა-გაყიდვები; საგარეო ვალის მომსახურება; სახელმწიფო საწარმოების კონვერტაციები და სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი: ლარის გაცვლითი კურსის არასისტემური ვოლატილობისგან (რყევა) სავალუტო ბაზრის და საერთოდ ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ეს რყევები გამოწვეულია არაეკონომიკური ერთჯერადი ფაქტორებით (როგორც ეს სექტემბერ – ოქტომბერში მოხდა).
ეკონომიკა 2024-ში შთამბეჭდავად იზრდება და ეროვნულ ბანკს არ გაუჭირდება რეზერვების კვლავ შევსება. გავიხსენოთ 2023, როდესაც რეზერვებში დამატებით რეკორდული 1.3 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოხერხდა. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში რეზერვების კვლავ შევსება შედარებით სწრაფად იქნება შესაძლებელი. 2007 წელს, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვები 1.159 მლრდ დოლარი იყო (პრეზიდენტი, ბატონი რომან გოცირიძე) და არ დავქცეულვართ ბოლოს და ბოლოს, ახლა “კუპონების ერაზე” აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეასრულა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვა ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა. ვფიქრობ, ამ საკითხზე არგუმენტები ორივე მხრიდან ამოწურულია და ეს პოლემიკაც აქ უნდა დავასრულოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან სურგულაძე.