2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, როგორც BMG-ი წერს ეს სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო.
1-ელ ნოემბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. Fitch-მა ივნისში გამოქვეყნებული წინა რეიტინგის მსგავსად ამჟამადაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი, რაც ივნისში “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შემცირდა, კვლავ უცვლელად ნარჩუნდება. Fitch-ი მიუთითებს, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიდევ შემცირდა, ადეკვატურობის ნიშნულს ჩამორჩება და ნაკლებია BB სუვერენული რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.
“ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $100 მილიონი დოლარი წინასაარჩევნო კვირაში, სავარაუდოდ იმიტომ რომ გაეძლიერებინა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ. მაისში კი სებ-მა საერთო ჯამში 108.7 მილიონი დოლარი გაყიდა მაშინ, როდესაც “გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ ლარი 7%-ით გაუფასურდა.
ლარის სისუსტე ვალის მიმართულებით წარმოადგენს რისკს, რადგანაც სახელმწიფო ვალდებულებების 71% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. საქართველო ასევე ჩამორჩება BB რეიტინგის ქვეყნებს რეზერვების ადეკვატურობის მიმართულებით, რამაც სექტემბერში 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მდგომარეობით მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია,” – ნათქვამია Fitch-ის შეფასებაში.
Fitch-ს ამჟამად BB სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოსთვის, გვატემალისთვის, ომანისთვის, სან-მარინოს და ვიეტნამისთვის. აღნიშნული ქვეყნებიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მხოლოდ საქართველოს აქვს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის სავალუტო რეზერვებს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
რა ზომის სავალუტო რეზერვი აქვთ BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს და სადაა საქართველო – ამის შესახებ ინფორმაციას BMG-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Fitch-ს ამჟამად BB სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოსთვის, გვატემალისთვის, ომანისთვის, სან-მარინოს და ვიეტნამისთვის. აღნიშნული ქვეყნებიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მხოლოდ საქართველოს აქვს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის სავალუტო რეზერვებს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
IMF-ის შეფასებით, 2024 წელს ამ ქვეყნების საგადასახდელო ბალანსი მშპ-სთან მიმართებით ასე ნაწილდება: ვიეტნამი მშპ-ის +3%; ომანი მშპ-ის +2.3%; გვატემალა მშპ-ის +2.4%, სან-მარინო მშპ-ის +6.2%, საქართველო მშპ-ის -5.8%.
BB რეიტინგის მქონე ქვეყნების სავალუტო რეზერვები ასე ნაწილდება:
· ვიეტნამი – 88 მილიარდი დოლარი;
· გვატემალა – 24.2 მილიარდი დოლარი;
· ომანი – 17.7 მილიარდი დოლარი;
· საქართველო – 4.7 მილიარდი დოლარი;
· სან-მარინო – 0.8 მილიარდი დოლარი.