საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს

„აგენტების კანონის“ შესახებ ლიეტუვის „პოზიციასა და ქმედებების“ გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ამ ქვეყნის ელჩი. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ლიეტუვის წარმომადგენლების ქმედებები საქართველოს „შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“.
„საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
29 მაისს ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა წუხილს გამოთქვამს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენ.
საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. უფრო ადრე, 15 მაისს კი საქართველოში ვიზიტით მყოფი ს, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ. მათ დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.