საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 მაისის საპასუხო განცხადებით საფრანგეთს საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საგარეო უწყებამ დაგმო თბილისში აქციებზე დემონსტრანტებზე ძალადობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“. სამინისტრო წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები“ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, „ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ“.
„მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ,“ — წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“, რომელიც, მათი თქმით, პოლიტიკურ ოპოზიციასთან არის დაკავშირებული და ხორციელდება საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 2 მაისს, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საქართველოში მიმდინარე ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.
„საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას „უცხოეთის გავლენის“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად,“ — წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლება ცინიკურად მიუთითებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე.
მსგავსი მითითება გააკეთა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში და აშშ სტუდენტების აქციების დაშლის გამო გააკრიტიკა.
Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთიც და აშშ-იც შეფასებულია როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. აშშ-ში თავისფულება 100 ქულიდან შეფასებულია 83 ქულით, ხოლო საფრანგეთში —100-დან 89 ქულით.
საქართველო შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ და მას 100-დან 58 ქულა აქვს მინიჭებული
მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით, 2024 წლისთვის, აშშ მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 55-ე ადგილზეა პრესის თავისუფლების მაჩვენებლით. საფრანგეთი ამ სიაში 21-ე ადგილს იკავებს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მისი მსგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა და 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.
La France suit la situation en #Georgie avec préoccupation. Elle déplore les violences contre les manifestants après l’adoption de la loi sur l’influence étrangère. La Géorgie doit poursuivre ses efforts pour se rapprocher de l’#UnionEuropeenne conformément au souhait de sa… — France Diplomatie🇫🇷🇪🇺 (@francediplo) May 1, 2024