საქართველოს საბაჟოებზე ინსპექტირების საფასური არ არსებობს – შემოსავლების სამსახური მედიას

საქართველოს საბაჟოებზე ინსპექტირების საფასური საერთოდ არ არსებობს – შემოსავლების სამსახური მედიის ბრალდებას უარყოფს და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
“შემოსავლების სამსახურის” გავრცელებულ განცხადებას “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ეკონომიკური მედია პლატფორმა „ბიზნესპრესნიუსის“ (BPN.GE) მიერ 06.08.2025 გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით -,,წითელ ხიდზე ლოდინის დრო რეგიონში ყველა სხვა საკონტროლო პუნქტზე მაღალია – რა რეკომენდაციას იძლევა აზიის განვითარების ბანკი”.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და ნათლად მივუთითოთ, რომ მედია პლატფორმა „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ, სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე (იხ. ლინკი: https://en.apa.az/finance/asian-development-bank-announces-recommendations-regarding-red-bridge-checkpoint-474361) განთავსებულ მასალას.
შესაბამისად, აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი, მათ შორის, გასასვლელებით სარგებლობისას სატვირთო ავტომობილების საბაჟო კონტროლის მონაცემები ასახავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყირმიზი კორპუს“ და არა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ მაჩვენებლებს.
ამ გარემოების გათვალისწინებით, გასაკვირი და გაუგებარია რატომ მოხდა მედია პლატფორმის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტატიაში დასახელებული რეკომენდაცია ციტატა – „ლოდინის დროის შემცირებისა და ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის აზიის განვითარების ბანკი (ADB) წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ინსპექტირების საფასურის წინასწარი გადახდის შესაძლებლობის შემოღების რეკომენდაციით გამოდის“ არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ინსპექტირების საფასური საერთოდ არ არსებობს.
სამწუხაროდ, სტატიის გამოქვეყნებამდე, ეკონომიკური მედია პლატფორმა „ბიზნესპრესნიუსიდან“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კონკრეტული შეკითხვებით არავინ დაკავშირებია და არ მოუთხოვიათ ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, უწყება მოუწოდებს აღნიშნულ მედია საშუალებას უზრუნველყოს სტატიაში მოყვანილი ფაქტების გასწორება,” – იუწყება შემოსავლების სამსახური.