„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი მოსახლეობას რჩევებით მიმართავს, როგორ ამოვიცნოთ კიბერთაღლითები

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა მოსახლეობას რჩევებით მიმართავს, როგორ უნდა ამოვიცნოთ კიბერთაღლითები და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ყალბ ვებ-გვერდზე შევიყვანთ მონაცემებს.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, არ გახსნათ საეჭვო ბმული და არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის ან დისტანციური არხის მონაცემები. ნებისმიერი ტრანზაქცია, ამანათის მიღება, კომუნალურის გადახდა თუ საბანკო სესხის მიღება, უნდა განახორციელოთ ტრადიციულ, კარგად ნაცნობ სივრცეში. ამასთან, მისი თქმით, იმ წამსვე, როგორც კი მიხვდება მომხმარებელი, რომ ყალბ ვებ-გვერდზე აღმოჩნდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეს იმ ფინანსურ ინსტიტუტს, სადაც ანგარიში აქვს და დაბლოკოს ინტერნეტ ბანკი, ასევე აუცილებლად უნდა შეცვალოს პაროლი.
„კიბერშეტევები არის მუდმივად მზარდი. ეს, რაც ახლა ხდება, კიბერთაღლითობა, ახალი სცენარი არ არის, უბრალოდ, ამ პერიოდში გახშირდა შეტყობინება. ეს წარმოადგენს ბანალურ “ფიშინგ” შეტევას. თუ ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე ვიღებდით მავნე ბმულებს და გარკვეული ინფორმაციის შეყვანას გვთხოვდნენ, მსგავსი შეტყობინება SMS-ებით მოდის ახლა. ხშირად ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაციის სახელით ხდება შეტყობინების გამოგზავნა. იგზავნება შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენს სახელზე მოსულია საფოსტო გზავნილი და ამ საფოსტო გზავნილის მისაღებად მოგვიწოდებენ მავნე ბმულზე გადასვლას. გვახსოვდეს, მავნე ბულზე გადასვლით, შესაძლოა, ვირუსი ჩამოტვირთოთ. ხშირად, ამ მავნე ბმულს გადავყავართ ყალბ ვებ-გვერდზე, სადაც გვთხოვენ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას. საყურადღებოა, თუ მომხმარებელს არ აქვს შეკვეთა განთავსებული და არ ელოდება გზავნილს, მხოლოდ შეტყობინების წაკითხვით უნდა დასრულდეს მისი და ამ შეტყობინების ურთიერთობა. უნდა წავშალოთ.
თუ ხშირად იწერთ ამანათებს ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მუდმივად რეჟიმში იღებთ ამანათს, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ტრანზაქცია, ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ამ ამანათის მიღებასთან, უნდა განვახორციელოთ ჩვენთვის ნაცნობ სივრცეში. კონკრეტული ამანათის გადამზიდი კომპანიის ვებ-გვერდზე.
ნომერ პირველი წესი: ნებისმიერ ტრანზაქციას, ამანათის მიღებას, კომუნალურის გადახდას თუ საბანკო სესხის მიღებას, ვახორციელებთ ტრადიციულ, კარგად ნაცნობ სივრცეში!
იმ წამსვე, როგორც კი მიხვდება მომხმარებელი, რომ ყალბ ვებ-გვერდზე აღმოჩნდა და ინტერნეტ ბანკის მონაცემები შეიყვანა, ერთჯერადი კოდი, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდეს იმ ფინანსურ ინსტიტუტს, სადაც ანგარიში აქვს და დაბლოკოს ინტერნეტ ბანკი. ამასთან, უნდა შეცვალოს ბარათი.
სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც მომხმარებელს ერთი პაროლი უყენია ბევრ ანგარიშზე. მაგალითად, ინტერნეტ ბანკში, სოციალურ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე. თუ ეჭვია, რომ პაროლი გამჟღავნდა ყალბ ვებ-გვერდზე და ხილული გაჩნდა მესამე მხარისთვის, ყველგან უნდა შევცვალოთ“, – აღნიშნა ინგა ქარჩავამ მედიაჰოლდინგ “კვირაში”.