საქართველოს საბანკო ასოციაციამ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ტრენინგები დაიწყო

ESG გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების გათვალისწინებით შემდგარი ბიზნეს პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტების, სერვისების და თვით ორგანიზაციის მდგრად განვითარებას. დღეს მსოფლიოში ESG პრაქტიკების დანერგვა სავალდებულოა, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
ჯერ კიდევ 2023 წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფონდი EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს საბანკო ასოციაციამ ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა და სასწავლო პროგრამა ჩამოაყალიბა.
2024 წლის თებერვლიდან კი, უკვე ტრენინგების სერია დაიწყო, რომლის პირველი სამიზნე ჯგუფი საბანკო სექტორის წარმომადგენლები არიან. შემდეგ ეტაპზე, ტრენინგები საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის და ასევე, ბიზნესებისთვის ჩატარდება.
„დღეს მეტად მნიშვნელოვანია ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. საბანკო სექტორი წამყვან როლს თამაშობს მდგრად ეკონომიკაზე გადასვლაში და ქვეყნის მასშტაბით მოწინავეა ESG პრაქტიკების დანერგვისას.
ბანკები ის საკვანძო არხია, რომელთან თანამშრომლობით ბიზნესმა ESG მნიშვნელობა უკეთ შეიძლება გააცნობიეროს. საბანკო სექტორის გარდა, დღის წესრიგში გვაქვს ტრენინგები ბიზნეს სექტორთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან“, – აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
(R)