საქართველოს რკინიგზის მოგება 65.8 მილიონი ლარით შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 152 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 65.8 მილიონი ლარით შემცირდა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 10%-ით, ანუ 14 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
თუმცა, გაზრდილი ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით მკვეთრად შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც 16.5 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი წმინდა მოგება 82.3 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 69 მილიონი ლარი საკურსო სხვაობით (ლარის გამყარებით) გამოწვეულ მოგებას წარმოადგენდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი ლარი მცირედით გაუფასურდა, რასაც საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშზე 7.6 მილიონი ლარის საკურსო ზარალით აისახა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებული 12 ათასი ადამიანის ხელფასზე 56.5 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 16.3 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის, საწვავისა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯი 20.8 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვა ხარჯები კი 35 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია.