2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.9%-ით მეტი, სულ 13.7 მლნ. ტონა ტვირთი.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს რკინიგზის 2024 წლის მონაცემებით, რკინიგზით გადაზიდული ტვირთების 10.4% ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.2% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% — ტრანზიტზე მოდის.
2024 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.4% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.6% კი — ქვეყნიდან გატანილზე.
რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 42.1%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.1%-ის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 30.8%).
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2%-ის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.1%-ის — ყაზახეთი, 8.1%-ის — სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 71.6%).
2024 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.1% — ნიდერლანდები, 8.2% — თურქეთი, 5.1% — ჩინეთი, 3% — აშშ, 3% — იტალია, 3% — რუმინეთი, 2.7% — უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.9%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.1%-ის — უკრაინა, 1.5%-ის — თურქეთი, 1.3%-ის — საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
რაც შეეხება იმას, რა გადაიზიდებოდა რკინიგზით გასული წლის განმავლობაში საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 39% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.4% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 15.7% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2024 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.8% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.4% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 10% — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17.8%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.7%), ძირითადი ლითონები (7.5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.8%) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (2.7%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (26%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.2%) და ძირითადი ლითონები (10.9%).
2024 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 82.3% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (44.9%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.6%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (9.8%).
