საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის უმეტესობა ქვანახშირი და ნავთობია

საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის უმეტესობა ქვანახშირი და ნავთობია
2024 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 11.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2 პროცენტი – ტრანზიტზე.
რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ქვანახშირის და ლიგნიტის; ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 26.4 პროცენტი – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13.2 პროცენტი – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
2024 წლის II კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 55.0 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი ეჭირა სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებს, ხოლო 14.3 პროცენტი – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი, და ბუნებრივი აირი (46.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (22.7 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (8.2 პროცენტი), ძირითადი ლითონები (5.8 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (4.8 პროცენტი); ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (41.8 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (30.8 პროცენტი), ძირითადი ლითონები (9.5 პროცენტი) და სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8.4 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 71.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (29.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (25.2 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (16.8 პროცენტი).