საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა 20.1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც 120 ცალი სატვირთო ვაგონის შესყიდვა უნდა მოხდეს. ტენდერის თანახმად, ვაგონები, ასევე მისი დეტალები 2025 წელს უნდა იყოს წარმოებული. შესაბამისად, ერთი ვაგონის სატენდერო ღირებულება 168,000 ლარი იქნება.
“ვაგონის ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის ურიკის სხმული დეტალები (რესორზედა ძელი, გვერდითი ჩარჩო), РУ1Ш-957-Г ტიპის წყვილთვლები, ავტოგადაბმულობა, მშთამნთქმელი აპარატები, ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დამზადებული არაუადრეს 2025 წელს. ურიკის სხმული დეტალების აშენების წელი არ უნდა იყოს ნაკლები ვაგონის აშენების წელზე. РУ1Ш-957-Г ტიპის წყვილთვლები დამზადებული უნდა იყოს ახალი არაუადრეს 2025 წელს წარმოებული ღერძებით და თვლებით. დამზადების წლები უნდა დასტურდებოდეს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტით,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ანალოგიური შესყიდვა რკინიგზამ 2023 წლის დეკემბერშიც გამოაცხადა, 300 ვაგონის შესყიდვის მიზნით, 55 მილიონი ლარის ღირებულებით თუმცა, აღნიშნული ტენდერი არ შედგა რადგან წინადადება არცერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა. ასევე 2023 წლის ოქტომბერშიც, თუმცა მაშინ რკინიგზამ ერთადერთ კომპანიას, რომელმაც წინადადება დააფიქსირა დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 12 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
bm.ge




