საქართველოს რკინიგზა ₾184 მილიონად ახალ ელმავლებს რუსული Уральские локомотивы-სგან ყიდულობს

„საქართველოს რკინიგზა“ 184 მილიონი ლარის ელმავლებს რუსული Уральские локомотивы-სგან ყიდულობს. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა შპს გეორგიასთან მიმდინარეობს.
წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდა. 10 ლოკომოტივის შესყიდვის მიზნით 183 849 690 ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. ამ რაოდენობისაა შპს გეორგიას შეთავაზებაც.
ბიზნეს რეესტრის თანახმად შპს გეორგია 1995 წელს არის დარეგისტრირებული მისი დირექტორი გიორგი ჩხეტიაა. 100%-იანი წილის მფლობელი კი გელა ძიძიკაშვილი.
ახალი ლოკომოტივები ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალურ რკინიგზაზე იმოძრავებენ. მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში. შესყიდული ტექნიკური მომსახურება და რემონტის ვადა 30 თვე. ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაცია 3 ენაზეა გამოქვეყნებული: ქართული, ინგლისური და რუსული.
დოკუმანტაციის თანახმად:
შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, აშენებული არაუადრეს 2023 წელს.
შემოთავაზებულმა საქონელმა უნდა უზრუნველყოს, თბილისი-მარაბდა-ახალქალაქის უბანზე არანაკლებ 1380 ტ მატარებლის გადაყვანა ერთი ელმავლით. ასევე საქართველოს 1520 მმ ლიანდაგის, 3 კვ ძაბვის მუდმივი დენით ელექტრიფიცირებული რკინიგზებზე სატვირთო მატარებლების გადაყვანა.
ელმავლების სრულ ტექნიკურ მომსახურეობას და რემონტს, მათ შორის ელმავლის ცვეთად ნაწილებზე, ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილების უზრუნველყოფით 30 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელებს მომწოდებელი მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინსტრუქციების სრული დაცვით სს საქართველოს რკინიგზის სარემონტო ბაზებზე (დეპოებში).
ნებისმიერ პრეტენდენტს უფლება აქვს სარემონტო ბაზები (დეპოები) დაათვალიეროს სს „საქართველოს რკინიგზასთან“ წინასწარი შეთანხმებით .
ელმავლების სარემონტოდ საჭირო პერსონალს, დანადგარებისა და ხელსაწყოებით უზრუნველყოფას განახორციელებს მომწოდებელი.
დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული საქონლის კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს:
– მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავალი;
– ტექნიკური მოთხოვნების (დანართი N9) 14.2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და მასალები;
– მწარმოებელი ქარხნის მიერ მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად: ჯგუფური სათადარიგო ნაწილები, ინსტრუმენტები, სახარჯი მასალა.
– თითოეულ ელმავალზე 1 ცალი სათადარიგო დენმიმღები და 2 ცალი დენმიმღების თხილამური
ამასთან, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა გადასცეს ჯამში 2 ცალი უსაფრთხოების სისტემის გასაშიფრი მოწყობილობა.
წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით.
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება დოლარში, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. არარეზიდენტთან ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალუტაში;
მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, კერძოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში – 5 ერთეული, ხოლო დარჩენილი 6 თვის ვადაში – ასევე 5 ერთეული (დაიშვება ეტაპობრივი მიწოდება);ელმავლების მიწოდების ადგილები: ქ.თბილისი, გუმათჰესის ქ. N89 (სადგურ თბილისი-მახარისხებელის სალოკომოტივო დეპო).
რაც შეეხება გარანტიას
პერიოდული მომსახურების, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების სისტემის დაცვის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია გარანტია ელმავლის ძარისთვის, ძარის ჩარჩოსთვის, ურიკის ჩარჩოსთვის ჩაღუნვაზე, ბზარებზე და ტეხვაზე ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ჩამოწერამდე. ელექტრომავლის საექსპლუატაციო ვადა შეადგენს არანაკლებ 40 წელს ექსპლუატაციაში გაშვების მომენტიდან (დაკონსერვებულ მდგომარეობაში ხანგრძლივი გაჩერების დროის გათვალისწინების გარეშე).
გარანტია ელმავლის სხვა მექანიკური და ელექტრომოწყობილობებისთვის, პერიოდული მომსახურების, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების სისტემის დაცვის შემთხვევაში, მწარმოებლის ტექნიკური პირობების თანახმად, არის არანაკლებ 5 წელი.