“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ალბათ, საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე უბრალოდ კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე”, – ამის შესახებ ესტონელმა ინვესტორმა და ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ BMG-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, “კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო”.
აღსანიშნავია, რომ ოსინოვსკი, რომელიც საქართველოში “თბილისის ჰილსის” მმართველი პარტნიორია და გლობალურ ბაზარზე ფლობს სარკინიგზო კომპანია Skinest Rail-ს, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იღებდა მონაწილეობას, თუმცა გამარჯვებულად ყოველთვის არ ცხადდებოდა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი მაგალითია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ₾270-მილიონიანი ტენდერი ლოკომოტივების შეკეთების შესახებ, რომელშიც Skinest Rail-ის გარდა, კომპანია “გეორგია” მონაწილეობდა. ოსინოვსკის კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. “გეორგიამ” კი გაიმარჯვა. თუმცა, მაგალითად, Skinest Rail-მა 2023 წელს გაიმარჯვა რელსების შესყიდვის ₾17-მილიონიან ტენდერში, ხოლო 2020 წელს საქართველოს რკინიგზისთვის ტრანსფორმატორების მიწოდების ₾10-მილიონიან ტენდერში.
ოსინოვსკი საქართველოს რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე 2021 წელსაც საუბრობდა და აცხადებდა, რომ სახელმწიფო კომპანიაში რეფორმების დრო იყო.
“ის, რაც ხდებოდა საქართველოს რკინიგზაში ბოლო წლებში, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა. ანუ, კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო. ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა. ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო. უბრალოდ მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო, და ჩვენ, რამდენადაც შეგვეძლო, ვიბრძოდით, რაღაცას ვუხსნიდით მთავრობას. სადღაც გამოდიოდა, სადღაც – არა, მაგრამ ზოგადად, ძალიან სამწუხარო საყურებელი იყო. ამიტომ, თუ ვისაუბრებთ პროექტებზე, რომლებიც იყო ბოლო წლებში რკინიგზაში, ვიტყვი, რომ ისინი არ იყო, რადგან ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ, და ჩვენ ამ თამაშში არ ვმონაწილეობთ არასდროს და არასდროს მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ეს არც გვჭირდებოდა, სინამდვილეში”, – განაცხადა ოსინოვსკიმ “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში.
ესტონელმა ინვესტორმა საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველთვის ჰქონდათ დიდი მხარდაჭერა.
“ჩვენ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპელი ინვესტორი, ყოველთვის ვგრძნობდით მთავრობის დიდ მხარდაჭერას ბოლო 13 წლის განმავლობაში. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდებოდა კორუფციის გამოყენება, რადგან თუ რაღაც უკანონოდ მიდიოდა, ჩვენ შეგვეძლო მივსულიყავით მთავრობაში და გვეჩივლა. მაგრამ ეს არ მუშაობდა რკინიგზაში ბოლო წლებში. მთავრობა სადღაც ცდილობდა რაღაცის დარეგულირებას, მაგრამ ზოგადად კატასტროფა იყო”, – აღნიშნა ინვესტორმა.
ხოლო კითხვაზე, ბოლო წლებში ისმენდა თუ აღარ მთავრობა მათ საჩივარს, ოლეგ ოსინოვსკი ამბობს, რომ “სადღაც ისმენდა, სადღაც – არა”
“ჩვენ პროკურატურაშიც კი ვწერდით განცხადებებს და ასე შემდეგ. ბოლო წლები იყო საშინელება. მე არ ვიცი, როგორ იყო ეს საქართველოს სხვა სფეროებში, მაგრამ რკინიგზაში ეს იყო ზედმეტად”, – დასძინა მან.
bm.ge




