“თავისუფლების ინსტიტუტის” ცნობით, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 80 519 105$ [216 მილიონი ლარი] გადაიხადა. რკინიგზამ რუსული ქარხნის სააქციო საზოგადოება “ურალსკიე ლოკომოტივის” (ООО Уральские локомотивы) 10 ცალი ლოკომოტივი შეიძინა.
“ურალსკიე ლოკომოტივის” ქარხანა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყურადღებითაც განებივრებულია. 2024 წლის 15 თებერვალს პუტინმა ქარხანა პირადად მოინახულა, დაათვალიერა და ელექტრო ლოკომოტივებს გაეცნო. ასევე, ქარხანასთან დაკავშირებულია რუსი სანქცირებული მილიარდერი დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკი.
2023 წლის ნოემბერში საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა ტენდერი მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესაძენად. ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია – შპს “გეორგია”, რომელსაც შემოაქვს რუსული პროდუქცია.
საქართველოს ბიუჯეტიდან 80 519 105$ აშშ დოლარი გადაუხადეს შპს “გეორგიას”, რომელმაც 10 ცალი ლოკომოტივი შეიძინა სწორედ სააქციო საზოგადოება “ურალსკიე ლოკომოტივისგან” (ООО Уральские локомотивы).
შპს “გეორგიას” მფლობელი დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან და მმართველი პარტიის დამფინანსებელია. კომპანიის 100%-იან წილს ფლობს გელა ძიძიკაშვილი, რომელმაც 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიას – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო შესწირა 40 000 ლარი.
ასევე საყურადღებოა, რომ ტენდერის გამოცხადებისას, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯაროდ გამოეხმაურა ნოვოჩერკასკის ელექტრო ლოკომოტივის ქარხანა (Новочеркасский электровозостроительный завод (НЭВЗ), რომელმაც ითხოვა განმარტება, რამდენად არის შესაძლებელი ანგარიშსწორება აშშ დოლარის გარდა სხვა ვალუტაში, მაგალითად, რუსულ რუბლში მოხდეს. როგორც ჩანს ტენდერში მონაწილეობას ნოვოჩერკასის ქარხანაც აპირებდა. რკინიგზამ პასუხი 7 დღის შემდეგ გასცა, რომ ეხელმძღვანელათ დოკუმენტაციით. სამწუხაროდ, სახელმწიფო საწარმოები კვლავ აცხადებენ ტენდერებს ისეთი პირობებით, რომ რუსულ კომპანიებს სხვადასხვა გზებით მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
2010 წელს კომპანია “ურალსკიე ლოკომოტივი” ჩამოყალიბდა ორი კომპანიის – გერმანული კომპანიის “Siemens AG”-ისა და რუსული სააქციო საზოგადოების “სინარა – სატრანსპორტო მანქანების” (ОАО «Синара – Транспортные машины”) ერთობლივ საწარმოდ. 2022 წელის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გერმანულმა მხარემ დატოვა კომპანია. რონალდ ბუშმა, Siemens AG პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: არ იყო იოლი გადაწყვეტილება 170 წლის შემდეგ რუსეთის ბაზრის დატოვება, რადგან კომპანია ანგარიშვალდებულია ქვეყნის შიგნით თანამშრომლებთან და ქვეყნის გარეთ მუდმივ კლიენტებთან. 2023 წელს გერმანულმა კომპანიამ რუსული ბაზრიდან გასვლის გამო ზარალის ანაზღაურება მოითხოვა 1,01 მილიარდი რუბლის ოდენობით. სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოში.
2022 წლიდან “სინარა – სატრანსპორტო მანქანებმა”, სრული კონტროლი აიღეს “ურალსკიე ლოკომოტივზე”. “სინარა – სატრანსპორტო მანქანების” (ОАО «Синара – Транспортные машины”) მფლობელია რუსი სანქცირებული მილიარდერი დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკი.
დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკი 2022 წელს დაასანქცირა ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. 2017 წელს კონგრესში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი დაასანქცირებდა რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის საგარეო პოლიტიკის მოღვაწეებსა და ოლიგარქებს, რადგან ისინი ზემოქმედებდნენ აშშ-ს ძირითად ეკონომიკურ სექტორზე, ეწეოდნენ არასტაბილურ საქმიანობას და აზიანებდნენ. დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკი 2017 წლიდან ე.წ. 96 „ოლიგარქის“ სიაშია, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგე. 2014 წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პუმპიანსკი დააჯილდოვა მე-4 ხარისხის ორდენით “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის”.
დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკიმ 2022 წელს, დასანქცირების შემდეგ, დატოვა “სინარა – სატრანსპორტო მანქანების” კომპანიის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო. სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ ფორმალური აქტი იყო და მიზნად ისახავდა მილიარდიანი კომპანიისთვის სანქციების არიდებას.
უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსული კომპანიები გათიშულია ბანკთაშორისი საერთაშორისო კომუნიკაციის სისტემიდან (SWIFT), ამდენად სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება შუამავალი კომპანიები. რუსულმა კომპანიამ “ურალსკიე ლოკომოტივმა” ხეირი ნახა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში ჩართული შუამავალი ქართული კომპანიისგან შპს გეორგიასგან, რომელსაც საქართველოს რკინიგზის დაკვეთით გადადავუხადეთ 216 942 625 ლარი და რომელმაც პროდუქცია სწორედ ურალსკიე ლოკომოტივისგან შეიძინა. ესეთი შემთხვევები ცხადყოფს, რომ საქართველოს საბიუჯეტო სახსრები ოკუპანტი ქვეყნის კომპანიებში ხვდება, რაც მარტო მორალურად არასწორი ან მიუღებელი კი არ არის, არამედ ქვეყანას უსაფრთხოების გამოწვევებსაც უზრდის და შარში ხვევს.” აცხადებს “თავისუფლების ინსტიტუტი”