საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარლამენტში დაინიციირებული კანონპროექტის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარლამენტში დაინიციირებული კანონპროექტის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს რეფორმების ასოციაცია კოლეგებთან ერთად მზად არის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ, მათ შორის, საჯარო ფორმატში რეალური შინაარსობრივი დისკუსია გამართოს მმართველ გუნდთან და წარმოადგინოს არგუმენტები, „თუ რატომ არის კანონის მიღება საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და შესაბამისად, რატომ უნდა იქნას ის უკან, ამჯერად, მართლაც უპირობოდ გაწვეული“.
„მმართველი პარტიის წარმომადგენლები მუდმივად მიუთითებენ „მზაობაზე“, მოისმინონ არგუმენტები, თუ რატომ არის საქართველოს პარლამენტში ხელახლა დაინიციირებული კანონპროექტი მიუღებელი და რატომ ეწინააღმდეგება ის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესს.
მაგალითად, 10 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა: „თუკი ვინმე ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან.“
ანალოგიური დისკუსიის „მზაობა” დააფიქსირა პრემიერმა მაც. 12 აპრილს ირაკლი მ მედიებთან განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის, ნებისმიერი, ქართველი, უცხოელი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული“.
15 აპრილს მამუკა მდინარაძემ კვლავ განაცხადა: „ … არცერთი პასუხი ან არგუმენტი კითხვაზე, რა არის რუსული ან ცუდი, რეალურად, ჩვენ არ მიგვიღია … მაქსიმალურად შევეცადეთ, ამბავი გაეგო საზოგადოებას, რომელიც რეალურად იყო დაინტერესებული, ეს კანონი მართლაც რუსული ხომ არ არის. მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ჩვენს ოპონენტს, „ენჯეოს“ ყველა წარმომადგენელს ვეხვეწებოდი, ერთი არგუმენტი ეთქვათ, რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა“.
12 აპრილს საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა მამუკა მდინარაძეს და დააფიქსირა დისკუსიის მზაობა (როგორც დახურულ, ასევე საჯარო ფორმატში). მიუხედავად შემდგომი კომუნიკაციის მცდელობებისა, პასუხი არ მიგვიღია.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები დისკუსიისა და განხილვების მზაობაზე განსაკუთრებით ცინიკურია იმ ფონზე, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში, როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათი თვითონაც ადასტურებს, მონაწილეობა არ მიუღია არცერთ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს და შესაბამისად, არც მათი შეფასება არ არსებობს კანონპროექტის მიმართ.
იურიდიულ კომიტეტში 15 აპრილს გამართულ სხდომაზე, მათ შორის – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მცდელობის მიუხედავად, გაჟღერებულ არგუმენტებს მმართველმა პარტიამ ყურადღება არ მიაქცია და მათი მხრიდან ანტი-დასავლური კანონპროექტის ცალმხრივი მხარდაჭერა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური შინაარსობრივი დისკუსია არ სურს და მისი განცხადებები მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება.
გვინდა კიდევ ერთხელ, საჯაროდ, დავაფიქსიროთ მზაობა – საქართველოს რეფორმების ასოციაცია კოლეგებთან ერთად მზად არის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ, მათ შორის, საჯარო ფორმატში რეალური შინაარსობრივი დისკუსია გამართოს მმართველ გუნდთან და წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ არის კანონის მიღება საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და შესაბამისად, რატომ უნდა იქნას ის უკან, ამჯერად, მართლაც უპირობოდ გაწვეული“, – ნათქვამია ღია წერილში.