საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შეხვედრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა -ის საელჩოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის და ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე მსჯელობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ირაკლი შოთაძემ პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოებასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მიღწევებზეც. ირაკლი შოთაძის თქმით, კიბერდანაშაული მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ამ ტიპის დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით სპეციალური დანაყოფი შეიქმნა.
ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს როლს და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს პროკურატურასა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, რათა იმ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, დაზარალებულთა უფლებამონაცვლეები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულები.
გენერალურმა პროკურორმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობაზე. ირაკლი შოთაძემ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საელჩო მოხარულია, რომ პროკურორთა ყოველწლიურ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მხარს უჭერს.
“აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ პროკურორთა ყოველწლიურ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მხარს უჭერს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პროკურორებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის, რეგულარულად განიხილონ სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, რაც პროკურატურის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.” – განაცხადა ლენა ოუენსმა.
უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება – ახალი აღკვეთის ღონისძიების- ელექტრონული მონიტორინგის პროექტი; საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოება; სიცოცხლის ხელყოფის საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვის დროს გამოვლენილი სირთულეები და მათი გავლენა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე; თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები.
„ასევე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები და ტენდენციები.
შეხვედრაზე, თბილისის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელებმა თბილისსა და რეგიონებში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
პროკურატურის მენეჯერების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა