დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 225 ადამიანი მონაწილეობდა. ბათილად მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩაითვალა. 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.
პარლამენტში ყაველაშვილიც მივიდა. ის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფება, სადაც საარჩევნო კოლეგიასთან ერთად არჩევნების შედეგები ცესკოს თავმჯდომარისგან, გიორგი კალანდარიშვილისგან, მოისმინა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.
ტაველაშვილმა კოლეგებისგან და პოლიტიკური თანამოაზრეებისგან მილოცვებიც მიიღო.
არჩევნების შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.
ცნობისთვის, ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრიდან ქუჩაში აქციებს მართავს, ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს და არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ხალხის პოზიციას სრულად იზიარებს სალომე ზურაბიშვილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. ისინი წითელ ბარათს უჩვენებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.