საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტი სპეციალური სერიული ნომრით 3,500 € ევროდ გაიყიდა! – ამის შესახებ საკოლექციო ნივთებზე სპეციალიზებული ქართულ-ჰოლანდიური კომპანია იუწყება.
“ლაივ აუქციონი ნიდერლანდების სამეფოში არსებული სააუქციონო სახლის, Crown Currency Auction-ის მიერ ჩატარდა! სულ მალე გახდება ცნობილი, როდის და რა ფასად იქნება შესაძლებელი ბანკნოტის შეძენა! თუ ჯერ კიდევ არ ხართ მომლოდინეთა სიაში, მოგვწერეთ და გახდით საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტის ერთ-ერთი პირველი მფლობელი!” – აცხადებს კომპანია
ნიდერლანდში, კერძოდ კი მაასტრიხში, სადაც ევროკავშირის შექმნას მოეწერა ხელი, ყოველწლიურად ქაღალდის ფულის გამოფენა იმართება. წელს პირველად ამ გამოფენაზე კუპიურა საქართველოდანაც წარადგინეს.
8000-ევროიანი კუპიურის ერთ მხარეს გამოსახულია ალავერდი, როგორც სიმბოლო ქართული ეკლესიისა და მევენახეობის კავშირისა, ასევე ქვევრები. აწერია „შენ ხარ ვენახი“. მეორე მხარეს გამოსახულია ბორჯღალი, დავითგარეჯა და ბერი ქვევრით. დავითგარეჯში აღიკვეცა ბერად დემეტრე პირველი, ავტორი ლექსისა „შენ ხარ ვენახი“.
პროექტის ავტორი ეკა კვირტია ამბობს, რომ საკოლექციო ბანკნოტის გამოშვება, მით უფრო ევროკავშირის სივრცეში, საკმაოდ რთულია. საერთაშორისო იურისტმა ჯგუფმა, ქართველ მხატვრებთან გია ჯაფარიძესა და დავით მაისურაძესთან ერთად 6 თვე იმუშავა, რომ პროექტი ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფილიყო.
კუპიურის შექმნის ხარჯები გაიღო TRESURIUM-მა – საკოლექციო ნივთებზე სპეციალიზებულმა ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ. კუპიურის შექმნა მაშინ გადაწყდა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კომპანიამ 8000-ევროიანი საკოლექციო ბანკნოტი, თემაზე: „საქართველო – ღვინის ქვეყანა“ – ევროპის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმებით შექმნა.
კუპიურა საკოლექციოა, ანუ მხოლოდ კოლექციონერებისთვის არის განკუთვნილი და მიმოქცევაში არ ჩაეშვება. დაიბეჭდა შეზღუდული ტირაჟით – 5000 ცალი. თუ რა ფასად შეიძლება მისი შეძენა, ჯერჯერობით უცნობია.
„კუპიურის მინიმალურ ფასს ჯერ ვერ დავასახელებ. ნუმიზმატიკურ სამყაროში ფასწარმოქმნის თემა გარკვეულ კანონზომიერებას უკავშირდება. ჯერ პირველი აუქციონი უნდა ჩატარდეს. ამისთვის ბანკნოტი უკვე გადაეცა ამერიკულ კომპანიას. ამ აუქციონის შემდეგ TRESURIUM-ს უკვე შეეძლება გაყიდვა. თუმცა, ინტერესი უკვე დიდია, როგორც ქართველებში, ასევე უცხოელებში“, – ამბობს ეკა კვირტია. „ბანკნოტები დაიბეჭდა ჰოლანდიაში და ახლა სპეციალურ საცავში ინახება. ძალიან ძნელია, მიიღო ნებართვა, მით უფრო ევროკავშირში, რომ საკოლექციო ბანკნოტის ნომინალი რამე რიცხვი იყოს (როგორც ამ ბანკნოტის ნომინალია 8000 ევრო), ძირითადად ნულოვანია ხოლმე“.
8000-ევროიანი კუპიურა სიმბოლურად განასახიერებს ღვინის 8000 მოსავალს.
2017 წელს არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა ქვემო ქართლში ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის წიპწები აღმოაჩინა.
მეცნიერებმა შეისწავლეს თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტიც. ქიმიური ანალიზის შედეგად, თიხის ჭურჭელზე ღვინის მჟავის კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა. ამ აღმოჩენის შემდეგ ქართული ღვინის ასაკი 8000 წლით განისაზღვრა.
8000-ევროიანი ბანკნოტის პრეზენტაცია საქართველოში წლის ბოლოს გაიმართება.
წყარო: რადიო თავისუფლება