თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგან „ყრუ კედელი“ დახვდა, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებთან პროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის მზადაა.
„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს! საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და უცხოელი აქტორები გამოხატავენ მზაობას, რომ ქართველ ხალხს შინაარსობრივად დაელაპარაკონ და არა კანონის ბრენდირება შესთავაზონ, მაშინ თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.