საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერებს წერილები გაუგზავნა.
წერილები, რომლებიც 12 დეკემბრით თარიღდება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს სწერს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, გააგრძელოს ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება. ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით.
„ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.
კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში”, – წერს პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ის აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელისადმი წერილი ამ სიტყვებით დაასრულა: „თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება”.
ურზულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის მთავრობის სახელით მადლობას უხდის.
„უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მისწერა.
პედრო სანჩესს კი ღარიბაშვილი არწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობა არ ეძებს მოკლე გზებს და მზად არის რეფორმების გასატარებლად.
„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ყველაზე გულწრფელი მადლიერება გრანადაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის III სამიტის მასპინძლობისთვის, რომელმაც ყველას მოგვცა დროული შესაძლებლობა, განგვეხილა ევროპისთვის აქტუალური საკითხები.
უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ არ ვეძებთ მოკლე გზებს. ჩემი მთავრობა სრულად მობილიზებული რჩება და მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – ნათქვამია ესპანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.