საქართველოს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა სადიგოვი ინახულეს

“Turan.az-ის” ინფორმაციით, 29 აგვისტოს, საქართველოს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანული YouTube არხის “Azel TV”-ს ხელმძღვანელი აფგან სადიგოვი ინახულეს.
სადიგოვის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლები აგრძელებენ მისი ქმრის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების მონიტორინგს და რეგულარულად ხვდებიან მას.
სევინჩ სადიგოვას თქმით, აფგან სადიგოვი ამტკიცებს, რომ მისი სისხლის სამართლის საქმე შეთხზულია. ის ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ საჩივრები მოდის იმ პირებისგან, რომლებსაც არც კი იცნობს, არასდროს შეხვედრია და არ ჰქონია ურთიერთობა. სადიგოვი მიიჩნევს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და შიშობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში, მას კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები ელოდება.
სევინჩ სადიგოვამ ისიც აღნიშნა, რომ მან მანამდე ინახულა პატიმრობაში მყოფი ქმარი. ის მიიჩნევს, რომ მეუღლის დაპატიმრება აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასთან არის კავშირში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა.
ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლება 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.
სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”