საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ისტორიული შედეგი

3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი – საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა.
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში იასპარეზა 28 სპორტსმენმა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა +102 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ).
მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო ათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.
აღსანიშნავი და სამაყოა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იზეიმა ოლიმპიური ჩემოპიონობა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა, ლეგენდარულმა ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია ვინც სამჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ისტორიულია გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალიც. გენო გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ღირსეულად წარადგინა საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.
წყარო: geonoc.org