ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა.
ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 21:17 მოგვიგეს. შენგელიასთან ერთად ჩინებულად ირჯებოდა ბოლდუინი, აგრეთვე სანაძე, რომელთა ძალისხმევით დავწინაურდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმი 38:40 წავაგეთ.
დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები
დაცვაშიც უკეთ თამაშობდნენ, შეტევაშიც, არც მეტოქე გვიდებდა ტოლს, ფარს კვლავ გვიგედბდნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა. ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 5 ქულით გავედით წინ, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 55:53 დაფიქსირდა. მეოთხე მეოთხედში უკვე საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა, 5 პასი), 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ.