დღეს, 20:50 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. პირველი მატჩი თბილისშია, უკრაინის წინააღმდეგ. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრებში მისი ბოლო თამაში კი 30 ნოემბერს ესპანეთში შედგება. ამ მომენტისთვის შერმადინს საქართველოს ნაკრების მაისურით 200 მატჩი აქვს გამართული.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა მატჩის წინა დღეს 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია თორნიკე შენგელიაც, რომელმაც გუშინ ღამით ევროლიგაში ითამაშა. მისმა „ბარსელონამ“ ფრანგული „ვილერბანი“ დაამარცხა. თორნიკე დღეს მოემგზავრება ბარსელონიდან და თბილისში დღის 4 საათზე ჩამოფრინდება, ნაკრებს სასტუმროში შეუერთდება და 20:50 საათიდან თანაგუნდელებთან ერთად უკრაინის დასამარცხებლად იბრძოლებს.
ნაკრები 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი.
შესარჩევი ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფად განაწილდა:
A ჯგუფი: დანია, საქართველო, უკრაინა, ესპანეთი. B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი. C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვეიცარია. D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა. E ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი. F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია. G ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი. H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.
მომდევნო ეტაპზე ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები გავა და შეიქმნება ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი. A-ს სამი გუნდი B-ს ტოპტრიოს ეთამაშება, C-ს სამი ნაკრები – D-ს სამს და ა.შ.
თითოეულ გუნდს პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი მეორეზეც გადაჰყვება და ითამაშებს მხოლოდ მეორე ჯგუფის სამ წარმომადგენელთან.
საბოლოოდ, მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფებიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი საუკეთესო მიიღებს. მუნდიალს კი 2027 წელს კატარი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
27 ნოემბერი, 2025 წელი: საქართველო – უკრაინა 30 ნოემბერი, 2025 წელი: ესპანეთი – საქართველო 27 თებერვალი, 2026 წელი: დანია – საქართველო 2 მარტი, 2026 წელი: საქართველო – დანია 2 ივლისი, 2026 წელი: უკრაინა – საქართველო 5 ივლისი, 2026 წელი: საქართველო – ესპანეთი პირველი არხი




