საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები:
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 2026 წლის მუნდიალი პირველი დიდი ტურნირია, რომლის ფინალურ ეტაპზე გასვლასაც საქართველოს ნაკრები შეეცდება. ბოლო ოფიციალური მატჩი ჩვენმა გუნდმა მარტში გამართა და ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეი ოფში სომხეთის ნაკრები თბილისში 6:1 დაამარცხა, საერთო ჯამში სანიოლის გუნდმა სომხეთთან 9:1 გაიმარჯვა და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ივნისში თბილისსა და ქუთაისში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებში ფარერის კუნძულებსა (1:0) და კაბო ვერდეს (1:1) დაუპირისპირდა. აღნიშნულ თამაშებში მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო დრო ძირითადად ახალგაზრდებს დაუთმო.
თურქეთთან მატჩში საქართველოს ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა დააკლდება – გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი, ხოლო შეხვედრისთვის ნაკრებთან ერთად სამი ახალწვეული ემზადებოდა – გიორგი აბუაშვილი, ნოდარ ლომინაძე და გიორგი კვერნაძე.
თურქეთის ნაკრები:
თურქეთის ეროვნული გუნდი მიმდინარე წელს ერთა ლიგის A დივიზიონში გადავიდა და სამომავლოდ ევროპული ფეხბურთის უძლიერეს ნაკრებებს დაუპირისპირდება. იტალიელი სპეციალისტის, ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილმა გუნდმა მარტში უნგრეთს ორივე შეხვედრაში სძლია (3:1, 3:0). ამის შემდეგ თურქებმა ამხანაგურ მატჩებში -ს 2:1 მოუგეს, ხოლო მექსიკასთან 0:1 დამარცხდნენ.
ამჟამად თურქეთს თავის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. მონტელას გაწვრთნილ გუნდში რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავი თამაშობს – ჰაკან ჩალჰანოღლუ, არდა გიულერი, ქენან ილდიზი, კარემ აქთურქოღლუ…
ურთიერთშეხვედრები:
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ. ეს იყო საქართველოს ეროვნული გუნდის პირველი თამაში დიდი საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე. მატჩი თურქების გამარჯვებით 3:1 დასრულდა, ჩვენი გუნდის მხრიდან კი თავის გამოჩენა გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, მან გიორგი ქოჩორაშვილის გადაცემა გამოიყენა.
საერთო ჯამში, ჩვენს მეზობლებს საფეხბურთო მოედანზე ექვსჯერ დავუპირისპირდით. ოთხჯერ თურქებმა მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 2007 წელს თბილისში მეტოქე დავით სირაძის გატანილი გოლით 1:0 დავამარცხეთ. აღნიშნული მატჩი თურქეთისთვის ბოლო იყო, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ჩაატარა.
შეხვედრის მსაჯი:
საქართველოსა და თურქეთის შეხვედრას იტალიელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი იქნება დავიდე მასა.
ნიკა კვეკვესკირის გაცილება:
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „დინამო არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებიდან ნიკა კვეკვესკირს გააცილებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა.