საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩეხეთთან – ველით 4 ცვლილებას!..

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთისა და ალბანეთისთვის მზადება ახლახან დაიწყო და სასტარტო შემადგენლობაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვფიქრობთ, მსჯელობა შესაძლებელია. ჩეხებთან ევროპის ჩემპიონატზე მატჩის, გამოძახებული ფეხბურთელების, სათამაშო ფორმისა და მომავალი ტაქტიკის გათვალისწინებით, ვილი სანიოლისგან ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილებას ველით.
სანიოლი ჩეხებთან კიდევ ერთი დუელისთვის ემზადება…

გიორგი მამარდაშვილმა ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან “იფრინა”. ის კარგ ფორმაშია და იმას ვისურვებთ, ახლა ნაკლები საქმე ჰქონდეს.
გერმანულ დაპირისპირებაში საბა კვირკველია თამაშობდა, შემდეგ კი სანაკრებო დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა. ახლა საბა ნაკრებში არაა, გიორგი კი
პირველივე წუთებიდან უნდა ვიხილოთ. “ჯვაროსნებში” არც საზონოვია, თუმცა მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კიდევ ორი ალტერნატივაა – “ემპოლიში” წარმატებული დებიუტის მქონე საბა გოგლიჩიძე და ლუკა გადრანი “კაირათიდან”.
კაპიტანი გურამ კაშია და ლაშა დვალი ამ ეტაპზე შეუცვლელები არიან.
ირაკლი აზაროვის დაბრუნებისა თუ გიორგი გოჩოლეიშვილის კარგი ფორმის მიუხედავად, ვვარაუდობთ, სანიოლი ფლანგებს არ შეცვლის და ოთარ კაკაბაძე კვლავ მარჯვენა ფრთას ჩაიბარებს, გიორგი წიტაიშვილი კი, რომელიც გუნდში მარჯვენა ნახევარმცველია – მარცხენას.
ჩვენს თამი კიტეიშვილზე ბევრია დამოკიდებული…
შუა ხაზი ის ადგილია, სადაც ჩეხებთან ბოლო დაპირისპირების შემდეგ ყველაზე მეტი ცვლილება იქნება. ამას ის განაპირობებს, რომ ოთარ კიტეიშვილი მაშინ ტრავმირებული იყო, რომელზეც ჩვენს ნაკრებში ბევრია დამოკიდებული. პირველივე წუთებიდან ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად ველით გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომელიც ევროპირველობის შეხვედრაში გვიან ჩაერთო.
გიორგი ქოჩორაშვილმა ყველაზე ბოლოს (ორშაბათს) ითამაშა, თვალწარმტაცი საგოლე პასი გააკეთა და ახლა მისი ნაკრებში გვეიმედება.
შესაძლოა, მიქაუტაძე სათადარიგო იყოს…

საქართველოს ნაკრების წარმატებული სტილისა და ხელწერის მიუხედავად, მიგვაჩნია, თბილისში ჩეხებს უფრო უნდა შევუტიოთ, მოწინააღმდეგის საჯარიმოში კი მეტი დრო გავატაროთ. მათთვის კვლავ ბურთის მთლიანად დათმობა და ჩაწოდებების საშუალების მიცემა, თუგინდ ამას ჩვენი მწვავე კონტრშეტევები მოჰყვეს, საუკეთესო გადაწყვეტილება არ გვგონია. ამ ფაქტორისა და ახალი სეზონის მონაცემების გამო, სავარაუდოდ, ს შეტევაში ბუდუ ზივზივაძე შეუწყვილდება, გიორგი მიქაუტაძე კი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იქნება. ბუდუს ჰამბურგში ჩეხებთან საერთოდ არ უთამაშია.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.