საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი გაუიაფდა – 7 თვეში ქვეყანამ $727.5 მლნ-ის საქონელი შეიძინა (bm.ge)

საქართველოში 7 თვის ჭრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენა გაუიაფდა, რაც ღირებულებაში იმპორტის კლებით აისახა. იანვარ-ივლისში საქართველომ 727 მილიონ 556 ათასი დოლარის ღირებულების 970 001 ტონა ნავთობპროდუქტები იყიდა. ეს ღირებულებაში წლიურად 5.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო მოცულობაში 6.7%-ითაა გაზრდილი.
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო 7 თვის განმავლობაში 1 ტონა ნავთობპროდუქტებს საშუალოდ 750 დოლარად ყიდულობდა, მაშინ როდესაც გასულ წლის 7 თვის საშუალო ფასი 848 დოლარი იყო.
ნავთობპროდუქტების იმპორტის 44.8%-ი რუსეთზე მოდის. წელს იანვარ-ივლისში, ქვეყანაში 326 მილიონ 114 ათასი დოლარის ღირებულების 468 071 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შემოვიდა ქვეყანაში. შეძენილი საქონლის ღირებულება წლიურად 1.6%-ით არის შემცირებული, ხოლო მოცულობები 8.4%-ით გაზრდილია.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა 28 ივლისიდან ბენზინის ექსპორტი სრულად 31 აგვისტომდე აკრძალა, რაც ოფიციალური უწყებების განმარტებით ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული.
აღსანიშნია, რომ უმსხვილესი ბაზრებიდან წლის ამ პერიოდში ნავთობპროდუქტების შემოტანა მოცულობითაც და ღირებულებითაც შემცირებულია აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და საბერძნეთდან.