„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გურიის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის რეგიონში, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურსა და გურიის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს 2021 წლიდან ახორციელებს.
სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისთვის კომპანია სპეციალურ ტექნიკას ფლობს, მათ შორის, ქვიშის საცრელ მანქანებს, ტრაქტორებს და თვლიან მისაბმელებს. ტერიტორიის დასუფთავებაზე, ყოველდღიურად, კომპანიის 109 თანამშრომელი ზრუნავს, ხოლო ზაფხულში, აქტიურ ტურისტულ სეზონზე – 222.
სანაპირო ზოლზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენი ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურზე გროვდება, შემდგომ, ტრანსპორტირდება ოზურგეთში არსებულ ნაგავსაყრელზე, იპრესება და მიწის საიზოლაციო საფარით იფარება.
მიხეილ გოგოლიძემ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მყარი ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. კომპანიის დირექტორის განცხადებით, დღის წესრიგში დგას ახალი ობიექტების მშენებლობის აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა.
ინფორმაციას „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ავრცელებს