აშშ-ში ორი მამაკაცი, რომლებიც აშშ-ის პროკურორების თქმით, რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ეკუთვნიან, დამნაშავედ ცნეს ნიუ-იორკში მცხოვრები ცნობილი დისიდენტისა და ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობაში.
Reuters-ის თანახმად, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 46 წლის რაფატ ამიროვი და 40 წლის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი დამნაშავედ ცნო ბრალდების ხუთ პუნქტში. მათ ისინი დამნაშავედ ცნეს 2022 წელს ამერიკელი ირანელი მასიჰ ალინეჯადის დაკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. ალინეჯადი ირანის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.
ეს საქმე ნაწილია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული ოპერაციისა, რომელიც მიმართულია ავტორიტარული მთავრობების მიერ პოლიტიკური ოპონენტების უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე დევნის წინააღმდეგ.
პროკურორების თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამიროვსა და ომაროვს 500 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს 2009 წელს ირანიდან გაქცეულ ალინეჯადზე თავდასხმისთვის.
ნაფიცმა მსაჯულებმა ორკვირიან სასამართლო პროცესზე მოისმინეს ჩვენება ხალიდ მეჰდიევისგან, ამიროვისა და ომაროვის თანამოაზრისგან, რომელიც 2022 წლის ივლისში უთვალთვალებდა ალინეჯადის სახლს ბრუკლინში.
ის მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ მის ავტომობილში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი აღმოაჩინა.
თავის ჩვენებაში მეჰდიევმა თქვა, რომ ჟურნალისტის მოსაკლავად იმყოფებოდა იქ.
ომაროვსა და ამიროვს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
