საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად რეგისტრაციის ვადა მესამედ გახანგრძლივდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად რეგისტრაციის ვადა ზედიზედ მესამედ გახანგრძლივდა. თავდაპირველად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 1-ლი ნოემბერი იყო, რაც 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა 15 დეკემბრის შემდეგ რეგისტრაციის ვადა ჯერ 2023 წლის ბოლომდე, ახლა კი 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.
შვეიცარიის საელჩოს ს ინტერესების სექცია „რუსეთში უფასო სწავლისთვის“ ქართველი სტუდენტების მისაზიდად Facebook-ის გვერდზე 2 ქართულენოვან ვიდეორგოლს ავრცელებს, ერთი განაცხადის შევსების ინსტრუქცია, მეორე კი იმის დემონსტრირებაა, რომ მსურველებისთვის რუსეთში სწავლა მართლაც უფასოა. ამჯერად ავტორებმა სარეკლამო რგოლში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებიც გამოაჩინეს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.
რუსეთის პიროგოვის სახელობის ნაციონალური კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 27 წლის თბილისელი, ვახტანგ ბეგიაშვილი მშობლიურ ენაზე აცხადებს, რომ მოსკოვში, ქირურგიის ორდინატურის პროგრამით 2020 წელს ჩააბარა, სადაც სწავლა სრულად დაუფინანსდა და ყოველთვიური სტიპენდიაც დაენიშნა. ვიდეოში ჩანს ასევე 18 წლის ნინოწმინდელი, მანანა გაბოიანი და რუსეთის ერთა მეგობრობის უნივერსიტეტის სტუდენტი, შამილ ალიევი ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურიდან.
რუსეთის ინტერესების სექცია დასძენს, რომ ნებისმიერ უცხოელ სტუდენტს უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ მოეწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ