საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%, 370 000 მოქალაქე, ე.წ. „შავ სიაშია“ – „საზოგადოება და ბანკები“
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტინფო საქართველოს ანალიტიკური ინფორმაცია მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ საქართველოს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი მაინც, იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი.
„ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში. ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. „შავ სიაშია““, – ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.
