,,საქართველოს მმართველი პარტიის სტრატეგიის მიხედვით, თუ ისინი ამ სტრატეგიას გაყვებიან, ამ პირობებს ვერ შეასრულებენ“, – გიორგი ქობულია ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე

,,საქართველოს მმართველი პარტიის სტრატეგიის მიხედვით, თუ ისინი ამ სტრატეგიას გაყვებიან, ამ პირობებს ვერ შეასრულებენ“, – გიორგი ქობულია ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნების დიდ ნაწილს ვერ და არ შეასრულებს. ყოფილი მინისტრის განმარტავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური სტრატეგია ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მათი დაკმაყოფილება კი ,,ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლებს დააკარგვინებს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ოჯახური სიწმინდის შესახებ კანონის გაუქმებას უკავშირდება, რასაც მმართველი ძალა არ გააკეთებს. მიზეზი კი მხარდამჭერების შენარჩუნების სურვილია.
,,საქართველოს მმართველი პარტიის, მმართველი ძალის სტრატეგიის მიხედვით, თუ ისინი ამ სტრატეგიას გაჰყვებიან, ამ პირობებს ვერ შეასრულებენ. ანუ გამოუვალ მდგომარეობაში არიან. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩახსნან კანონი ოჯახური ფასეულობების შესახებ, ისინი დაკარგავენ თავისი ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს. ეს კანონი საერთოდ რომ არ მიეღოთ არავითარი ზარალი არ დაადგებოდათ. მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა მიეღოთ. რადგან უკვე მიიღეს კანონი, ახლა მისი ჩახსნა მომაკვდინებელი დარტყმა იქნება მათთვის. ამიტომ, ისინი ამას არ გააკეთებენ.“- აცხადებს გიორგი ქობულია.
გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა ს მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითვალისწინებს. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნება“ არც ამ მოთხოვნას შეასრულებს, რადგან ეს საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადებს შეამცირებს.
,,მეორე მოთხოვნაა, რომ მოიყვანეთ თქვენი სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებთან შესაბამისობაში. ანუ მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ ეს გულისხმობს – რუსებს ვიზები დაუწესეთ. რუსებს ვიზები რომ დავუწესოთ, ეს დაარტყამს ტურისტულ ნაკადებს, დაარტყამს ეკონომიკას. უკმაყოფილო დარჩება ,,ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილი. არც ამას არ გააკეთებენ. ვერ გააკეთებენ.“- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში გიორგი ქობულია.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება ხელისუფლების დათმობას და მმართველობის ოპოზიციისთვის გადაცემას ნიშნავს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ მოთხოვნების ნაწილის შესრულება შეუძლია. მათ შორის არის არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა და ამ მიმართულებით საჭირო კამპანიების ჩატარება.
,,რაც დაუწერეს, ეს რომ გააკეთოს ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩააბაროს ოპოზიციას. ამიტომ არ გააკეთებს ამას. მოთხოვნების რაღაც ნაწილი შეუძლია რომ გააკეთოს. მაგალითად, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, საინფორმაციო კამპანიები და ა.შ. რომ მაქსიმალურად შემცირდეს არალეგალური ემიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში. ეს შეუძლიათ გააკეთონ. ეს არ ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას. იმ კანონების ჩახსნას და ვიზების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის არ გააკეთებენ. ამის გამო ოცნება დაკარგავს ამომრჩეველს.”- აცხადებს გიორგი ქობულია.