დღეს საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ სხდომა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში – ვლადიმირ შკოლნიკოვმა; სხდომას ასევე დაესწრნენ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
სხდომის ფარგლებში დამსწრეებმა იმსჯელეს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დადგენილებით შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ განხილულ თემებზე: ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებში საპარკინგე საშვების ერთიანი წესის შექმნის შესახებ.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა შშმ პირთათვის არსებულ საჭიროებებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საკონსულტაციო საბჭო და კომიტეტი განაგრძობენ მუშაობას.