საქართველოს მთავრობა ინებეთ, არგუმენტები და ფაქტები – ნიკოლოზ გოგოჭური ე.წ. „რუსულ კანონზე“

საქართველოს მთავრობა ინებეთ, ბატონებო და ქალბატონებო. არგუმენტები და ფაქტები. გისმენთ – მთავრობისადმი ამ მოწოდებით სტარტაპერი ნიკოლოზ გოგოჭური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ იმ არგუმენტებს ასახელებს, რომელსაც მმართველი ძალის განცხადებით ოპონენტებს არ აქვთ.
„ოპოზიცია არგუმენტებს არ გვეუბნებაო და ეს ხალხი ვერ ხვდება, რას აპროტესტებენ და რატომო რომ ამბობთ და დღეს, პროტესტის 1 თვის თავზე რომ კითხულობთ არგუმენტები წარმოადგინეთო, ეგ რამდენად თანმიმდევრულია, მაგას თავი დავანებოთ ცოტა ხანი. ინებეთ, ბატონებო, პირადად ჩემი არგუმენტები ასეთია (ცოტა ბევრის წაკითხვა მოგიწევთ, მაგრამ ხომ გაინტერესებთ?):
კანონი ინდივიდუალურად არ არსებობს. კანონის მიღება და განხილვა ყოველთვის ხდება არსებული სრული კონტექსტის გათვალისწინებით. ანუ კანონი კარგია ან ცუდია მარტო მაშინ, როცა არსებულ ვითარებაზე და გარემოზე მოქმედებს კარგად ან ცუდად.
მართალია, რომ მსგავსი კანონები ბევრ სხვა ქვეყანაში არის მიღებული და მუშაობს, მაგრამ იმ სხვა ქვეყნებში იგივე კონტექსტი არაა და იგივე რამეები არ ხდება, რაც ჩვენთან და არც ის ქვეყნებია მოწყობილი ისე, როგორც ჩვენი. დემაგოგიაა, როცა ნებისმიერი მხარე კანონის გამართლებას ცდილობს იმით, რომ სადღაც, სხვა კონტექსტში ეს კანონი კარგად მუშაობს.
ჩამოვთვალოთ ჩვენი კონტექსტის ასპექტები:
1. კანონი ამბობს, რომ გამჭვირვალობაა მიზანი, რომ ჩანდეს ფული საიდან მოდის და სად იხარჯება. საქმე იმაშია, რომ დასავლეთიდან რაც კი ფული შემოსულა, ყველაფერი (ან უდიდესი უმეტესობა) “თეთრად” შემოდის ძირითადად, ყველა ცენტი აღწერილია, გაწერილია მიზნობრიობა ღიად და ხარჯვის ნაწილიც ყოველთვის ჩანს. ამიტომ ეს კანონი ამ კუთხით არანაირ გამჭვირვალობას არ მატებს დასავლურ ფულს. მოსახლეობასაც აქვს ამ ფულის მიზნობრიობის შესწავლის საშუალება გარკვეულ წილად, მაგრამ თუ კი სადმე რამე არ ჩანს მოსახლეობისთვის, მთავრობისთვის ყველაფერი გამჭვირვალეა. გრანტების შესახებ კანონი კაი ხანია, არეგულირებს ამ ყველაფერს.
2. ამ ეტაპზე ერთადერთი მხარე, ვისი ფულიც გამჭვირვალედ არ შემოდის ქვეყანაში არის ს ფედერაცია, რომელსაც “თეთრად” არ შემოაქვს ფული და შავ ფულს ახმარს თავის მიზნების შესრულებას აქ. ცხადია, ამის მტკიცებულებები ძალიან ცოტაა და ძირითადად ირიბი, მაგრამ “შავი” ფულის შემთხვევაში ეგრეც იქნება, შავი ფულის დანიშნულებაც ხომ ეგაა. ამიტომ ეს “გამჭვირვალობის” კანონი ამ შავ ფულს არაფერს უზამს და არ გამოააშკარავებს, რადგანაც ეს ფული კანონს მიღმა შემოდის და იხარჯება.
3. სხვა ქვეყნებში, რომელშიც მსგავსი კანონი მუშაობს და არ აპროტესტებენ, პოლიტიკური მოწყობა ისეთია, რომ სახელმწიფო იმართება საპირწონეებით (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება, ზოგ ქვეყანაში ცალკე შტატებში კიდევ ერთი ამდენი), ამიტომ თუ კი კანონს ვინმე არასწორად და ბოროტად გამოიყენებს, ბევრად მეტი შანსია, რომ სხვა შტოებმა დაგიცვან და არ დააჩაგრინონ კანონს შენი თავი. ჩვენთან კი ბოლო 35 წელია, ყოველთვის ცენტრალიზებულია ხელისუფლება და კანონი თუ დაგარტყამს, ვერსად გაასაჩივრებ. თუ გაასაჩივრებ მხოლოდ შენვე ზარალდები. ამის მაგალითები უამრავი ვიცით ყველამ და არ ჩავყვები.
4. სხვა ქვეყნების “გამჭვირვალობის” კანონებისგან განსხვავებით ამ კანონში წერია ძალიან სახიფათო რამე: ჩვეულებრივი წერილობითი დასმენის (განცხადების) საფუძველზე, ფაქტების გარეშე, 6 თვეში ერთხელ შეუძლიათ, გაგაჩერონ და “შეგამოწმონ”, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ მხარეს აქვს საშუალება, რომ ვინც არ მოსწონს, ამ კანონის მეშვეობით გააჩეროს და შარში გახვიოს. ამის გამოა ზუსტად, რომ დასავლური დონორები აღარ გამოგზავნიან ფულს აქ, რადგანაც აზრი არ ექნება ფულის გამოგზავნას. რა აზრი აქვს ფულის გამოგზავნას, თუ თავიდანვე იცი, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე ერთი წერილით გაგიჩერებს ამ ფულის მიზნობრივ ხარჯვას და შეიძლება, დაგაჯარიმოს კიდეც?
5. ამ კანონის განხილვა ინდივიდუალურად არაა სწორი. დავამატოთ მეორე კანონი, რასთან ერთადაც ეს კანონი ბევრად უფრო სახიფათო ხდება: “ოფშორების” კანონი. ანუ გამოდის, რომ პირობითად რუსები, ვისაც ოფშორში ფული აქვთ, შეძლებენ “უფასოდ” შემოიტანონ თავისი ფული საქართველოში, და ეს ფული გახადონ “ქართული” ფული.
ამ დროს დასავლეთიდან შემოსულ ფულს მუდმივად პრობლემებს შეუქმნიან “რუსული კანონით” და თვითონ კიდევ თავისი “გათეთრებული” ფულით შეძლებენ იგივე მედიასაშუალებების და NGO-ების კეთებას ისე, რომ ეს რუსული კანონი ვერ შეეხებათ (რადგანაც ეს გული უკვე გათეთრებული და გაქართულებული იქნება).
6. რადგან მედია ვახსენე, ეგეც მნიშვნელოვანი განსხვავებაა სხვა ქვეყნების კანონებისგან (რუსეთის გარდა), რადგანაც აქ ეს კანონი ეხება არა მარტო ორგანიზაციებს და NGO-ებს, არამედ მედიასაშუალებებსაც და ფაქტობრივად გამოდის, რომ ერთმა რიგითმა ადამიანმა, ვისაც მაგალითად PosTV-ს და იმედის გარდა არავინ მოსწონს, შეუძლია, ქვეყანაში ყველა ტელევიზია და გაზეთი “გააჩუმოს” იმით, რომ განცხადებას შეიტანს მთავრობაში და იტყვის: მგონი ეს, ეს და ეს ტელევიზია უცხოელების მიერაა დაფინანსებული და მიდი, შეამოწმეთ რა.
7. და ბოლო არგუმენტი, მხოლოდ ირიბია, ცხადია, მაგრამ მაინც. გადახედეთ, ზუსტად იგივე კანონი რუსეთმა 2012-ში რომ მიიღო მსგავსი რედაქციით, მანდ რა სიტუაციამდე მივიდნენ დღეს, როცა არც ერთი NGO არ არსებობს და არც ერთი კრიტიკული მედია
საქართველოს მთავრობა ინებეთ, ბატონებო და ქალბატონებო. არგუმენტები და ფაქტები. გისმენთ”, – წერს ნიკოლოზ გოგოჭური.