უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს “საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ”.
ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებმა, რომლებზეც უკრაინაში ომის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოიყენეს, „სიმართლე გააშიშვლა“.
უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, “ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან”.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რომლითაც შეფასებულია ირაკლი კობახიძის 9 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში.
“გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”,
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო “სამარცხვინოდ” მიიჩნევს, იმას „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს”
“უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება “მწუხარებით” აცხადებს რომ “რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვაში, საქართველოს მთავრობა გადაიქცა “კრემლის ქსეროქსად”.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების იმ ნაბიჯებს ჩამოთვლის, რომლითაც მათი შეფასებით საქართველო დააბრუნეს “მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში”.
“უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებამ საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში”.
“საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ რაშისტული პროპაგანდით ქართველი ახალგაზრდების დამუშავების საფრთხეს წარმოქმნის.
მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურს, საკუთარ ხალხსაც აუხსნას, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხებაა სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან. ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას საარჩევნო ბილბორდებზე და დაწერა „დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხს შესანიშნავად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.
მას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერებზე ჩანს რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოები, მათ გვერდით კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რეაბილიტირებული თუ აშენებული ობიექტები.
მმართველი პარტიის ბანერებს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები უკრაინელ ხალხს ბოდიშსაც უხდიდნენ.
სამმა ტელევიზიამ “ფორმულამ” , “ტვ პირველმა” და “მთავარმა” განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ მათგან მოითხოვს უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური“ ბანერების მათ ეთერში გაშვებას. ტელეარხების თქმით, ისინი ამ ბანერებს ეთერში არ გაუშვებენ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, „დიდძალი ჯარიმები“ დაეკისროთ.