ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ხელი არ უნდა ჩაიქნიოს საქართველოზე, რადგან მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
„ვფიქრობ, საქართველო არ არის დაკარგული შემთხვევა. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ძალიან კონკრეტულად დაველაპარაკოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იქნება შედეგები, თუ ასე გააგრძელებენ“, — თქვა მარგუს ცაჰკნამ ჩეხეთში, ნატოს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ რამდენიმე კვირის წინ ისლანდიის და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ საქართველოში, სადაც სიტუაცია „ნამდვილად შემაშფოთებელია“.
„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, გადაეხვია ევროკავშირის გზიდან რუსული გავლენისკენ. ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ არ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა საქართველოსთან, არამედ ვესაუბროთ საქართველოს მთავრობას, რომ მათი გადასაწყვეტია, ნატოსა და ევროკავშირისკენ მიდიან თუ რეალურად უხვევენ გზიდან. საქმე უნდა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მიმართ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ამ იდეას“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.