საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აკადემიის წევრთა ასარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა.
„საბუთების მიღება 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შესაბამის განყოფილებებში კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ მოხდა მათი შერჩევა. 15 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად. საბუთების მიღება მიმდინარეობდა წესდებით დადგენილ ვადებში 15 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის ჩათვლით, კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ, განხორციელდა მათი შერჩევა შესაბამის განყოფილებებში.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების სრული დაცვით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც არჩეულნი იყვნენ აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ახალ წევრებს და სტიპენდიატებს არჩევას და მათ წარმატებას უსურვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.