საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ისა ჰაბიბეილი იმყოფებოდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა ჩატარდა, რომელსაც აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი ისა ჰაბიბეილი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.
„აკადემიაში ვიზიტამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ბატონმა ისა ჰაბიბეილმა თბილისში, აბანოთუბანში არსებული ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. რაც შეეხება აკადემიაში ჩატარებულ შეხვედრას, იგი აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. მან აღნიშნა, რომ აკადემიას მაღალი დონის მეცნიერი ეწვია, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული და აზერბაიჯანული ლიტერატურის, კულტურის განვითარებაში, მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. აღსანიშნავია, რომ ამ ცოტა ხნის წინ, 10 ივლისს, აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც ისა ჰაბიბეილი აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს ფილოლოგიის დარგში. დღევანდელ შეხვედრაზე ეს დიპლომი ბატონმა როინმა აზერბაიჯანელ მეცნიერს საზეიმო ვითარებაში გადასცა.
შეხვედრაზე ისა ჰაბიბეილმა ჩვენი ხალხების ურთიერთობაზე, იმ ჰუმანიზმზე და სიყვარულზე ისაუბრა, რასაც შოთა რუსთაველი და ნიზამი განჯელი ხოტბას ასხამდნენ. მან აღნიშნა, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდია გადებული და აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ამას ყველანაირად უწყობს ხელს და ამყარებს.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას და ურთიერთობების გაფართოებას.
შეხვედრის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, ვლადიმერ ციციშვილი, თამაზ შილაკაძე, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და მისი მოადგილე მაკა ელბაქიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.