8 თებერვალს, საპროტესტო მოძრაობა ,,300 ქალის“ ინიციატივით, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“, პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრებისა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულთა მხარდამჭერი პერფორმანსი გაიმართა.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ამ ჟესტით ისინი მადლობას უხდიან პატიმრებს და ამბობენ, რომ როგორც ეს მონუმენტი ინახავს წარსულს, ასე შეინახავს საქართველო პატიმრების სახელებს, “როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასსა და ღირსების ისტორიას”.
„საქართველოს მატიანე“ გვიყვება იმ გმირებზე, რომლებმაც ისტორიის გზაზე მძიმე ფასი გადაიხადეს. ამ სივრცეში დგომით ვამბობთ, რომ დღევანდელი რეჟიმის ტყვეები ამ მატიანეს ცოცხალი გაგრძელებაა.
ჩვენ ვეუბნებით მადლობას გოგოებს და ბიჭებს, ქალებს და კაცებს, ვინც ციხის კედლებში არიან გამოკეტილნი, მაგრამ შინაგანად არ დამარცხებულან. მათი სიმტკიცე დღეს ქვეყნის სინდისის საზომი და ჩვენი პასუხისმგებლობაა!“, – ამბობენ პერფორმანსის მონაწილეები.
თბილისსა და სხვა ქალაქებში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად.
დემონსტრანტები ყოველდღიური აქციებით, მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და ბოლო ერთ წელში, პროევროპული აქციებისას დაკავებული ასზე მეტი მოქალაქის გათავისუფლებას.




