ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და მოქმედი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინი არარეალისტურია.
ლინკევიჩიუსს, რომელიც თბილისში მე-8 საერთაშორისო კონფერენციას „გარდამტეხი წელი“ ესწრება, „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რა შანსი აქვს საქართველოს, თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება და არსებულ პოლიტიკას გააგრძელებს?
„ნება მომეცით, ვიყო ხისტი და პირდაპირი: როდესაც საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს არ იყო ხელისუფლების მიღწევების გამო. ხალხის გამო მოხდა. ევროკავშირი და ევროპა ზოგადად ფიქრობდა, რომ არ უნდა მიგვეტოვებინა [ქართველი ხალხი] და რამე სიგნალი გაგვეგზავნა. მაგრამ უკვე ნამეტანია — რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და ზოგადად ევროკავშირთან. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე ფიქრი არარეალური იქნება. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა“, — განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
დიპლომატის თქმით, ამიტომ ხალხმა, ვისაც ნამდვილად სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, უნდა გააკეთოს არჩევანი.
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს — კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, იღებს უცნაურ უცხოური აგენტების კანონს, ფაქტობრივად კრძალავს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მედიას, — არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან“, — დასძინა ლინკევიჩიუსმა.
საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე წლის ბოლოს ელის. გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ წლის ბოლო სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, ევროკომისიამ დადებითად უნდა შეაფასოს ქვეყნის მიერ 9 ნაბიჯის შესრულება. ევროკომისია ყოველწლიურად იღებს გაფართოების პაკეტს — ესაა სტრატეგიული დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესი. ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.