“საქართველოს თაფლობის თვე შესთავაზეთ, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს” – გზავნილები ევროსაბჭოდან

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. როგორც ჩანს, ევროპელი ლიდერები ღიად საუბრობენ იმედგაცრუებაზე, რომელიც მათ საქართველოს მიმდინარე კურსის გამო განიცადეს.
პირველი ხმამაღალი განცხადება მასპინძელი ქვეყნის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიერ ბეტელმა გააკეთა. მისი თქმით, მან ღიად და პირდაპირ მიაწოდა პოზიცია ქართულ მხარეს:
„ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი, მათ უკუსვლა გადაწყვიტეს — ეს ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები — ყველა წლების განმავლობაში ამბობდა, რომ სურთ ევროპასთან დაახლოება. იმ დღეს კი, როცა უთხარით, მოდით, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან — თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია”, – განაცხადა ბეტელმა.
არანაკლებ მწვავე და კონკრეტული იყო მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი იან ბორგიც. ბორგი საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის სურვილზე საუბრობს, თუმცა მკაფიოდ ასახელებს ვალდებულებებს, რომლებსაც თბილისი 2024 წლის დეკემბრიდან უნდა ასრულებდეს:
„ვიმყოფებოდი საქართველოში, შევხვდი ყველა ჩართულ პირს — პრემიერს, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ველით ხელახალ ჩართულობას და კონსტრუქციულ დიალოგს. რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ გენერალურ მდივანს. საქართველომ აიღო ვალდებულება 2024 წლის დეკემბერში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ უნდა შეასრულონ. საქართველოს და ქართველ ხალხს მხარე უნდა დაუჭიროთ რეფორმების გატარებაში და უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის. ასე რომ, ველით მათთან მუშაობას — მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს ადვილი არ არის”, – განაცხადა ბორგიმ.
ბოლოს სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს მიმართულება საგანგაშოდ იცვლება:
„18 თვის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. 18 თვის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მიმართულება კარგი არ არის. დეკემბერში ვიზიტისას შევეცადე კონკრეტულად საქართველოსთან მემუშავა. ჩვენ გვყავს გუნდი თბილისში, გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ გვინდა, რომ დიალოგი განვაახლოთ, რომ შევძლოთ ყველა პრობლემაზე ლაპარაკი — მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ არასწორი მიმართულებით მიდიან. ჩვენ გვინდა, რომ დაცული იყოს ღირებულებები, კანონის უზენაესობა, და სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლა არის შემაშფოთებელი სიტუაცია, და ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წავიდნენ სწორი მიმართულებით”, – განაცხადა ბერსემ.