საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ყაზახური ბიზნესისთვის – ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივა

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახური ბიზნესისთვის საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით სარგებლობის შეთავაზებას აპირებს.
გაერთიანების ხელმძღვანელი BMG -სთან ამბობს, რომ დონორების დახმარებით უკვე ჩატარდა კვლევა, რომელმაც პარტნიორობის ორმხრივი სარგებელი გამოკვეთა. შეთავაზება ყაზახური ნაწარმის საქართველოში გადამუშავებას და სტატუსით „დამზადებულია საქართველოში“ სარგებლობას გულისხმობს.
„საუბარია ყაზახური საექსპორტო პროდუქციის იმგვარ გადამუშავებაზე, რომ წარმოშობის ადგილის ცვლილება მოხდეს და მაგალითად, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლოს. ძირითადად, საუბარია ყაზახურ წიაღისეულზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ყაზახური კომპანიებისთვის, ისე საქართველოში გადასამუშავებელი სექტორის განვითარებისა და სატრანსპორტო დარგისთვის. ვაპირებთ, შეხვედრებს ქართველ და ყაზახურ ბიზნესწრეებთან, ვორქშოპების გამართვას და დაინტერესებული პირების დაკავშირებას“, – ამბობს BMG -სთან გიორგი ჯახუტაშვილი.
მისი თქმით, ამჟამად, ყაზახური ბიზნესი საქართველოში ოპერირებას და ინვესტირებას აგრძელებს, თუმცა ზომიერი ტემპით.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება ინვესტიციები ყაზახეთიდან , თუმცა არც დიდ ზრდას ველით“, – ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი და მიუთითებს, რომ ყაზახეთიდან კერძო კაპიტალის დიდი მოზღვავება ბოლო წლებშიც მაინც არ ჩანდა. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე ვითარების გამო, კითხვები არსებობს.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ რამე შემცირდება, თუმცა კერძო კაპიტალის დიდი მოზღვავება ბოლო წლებშიც მაინც არ ჩანდა. ფოკუსირება მაინც საკუთარ ბაზარზე გადაწყვიტეს. დიახ, უძრავ ქონებას ყიდულობენ, განსაკუთრებით ზღვისპირეთში, თუმცა მსხვილი ინვესტიციები კერძო სექტორისგან საქართველოში შეფერხდა და ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. გვინდა, კონკრეტული დამუშავებული პროექტები მივიტანოთ ინვესტორებამდე და აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი პროექტების სიმცირეც არის”, – ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.
კითხვაზე: პროექტების არსებობის შემთხვევაში, გამოჩნდებოდნენ ინვესტორები? – ჯახუტაშვილი ამბობს, რომ დღეს, არსებული პოლიტიკური გარემოს გამო, ინვესტორებში მოლოდინის რეჟიმია.
„დღეს, პოლიტიკური მოვლენების ფონზე ვერც იმას ვიტყვი, რომ ხალხი [ინვესტორები] მზად არის, პროექტების არსებობის შემთხვევაშიც შემოვიდნენ. ასე ნამდვილად არ არის. ყველა აკვირდება და კითხულობს რა პროცესები მიდის ქვეყანაში და ცხადია, ეს გავლენას იქონიებს… ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა მანამდეც იყო პრობლემები, კონკრეტული პროექტებსა და დროსთან დაკავშირებით. გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, გარკვეული ბიუროკრატია, რეგიონებში საერთოდ წარმოუდგენელი ბიუროკრატიაა. სიმართლე რომ გითხრათ, პროექტების საინვესტიციოდ შეკვრა მარტივი არ არის. ეს ყველამ იცის. ყველა დონეზე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ეს ნამდვილად გამოწვევაა“, – აცხადებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელი.