საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 44%-ით შემცირდა – რა გავყიდეთ?

ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. „საქსტატის“ თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 163 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი დოლარით ნაკლებია.
გასული წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირში უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები იყო, 132 მილიონი დოლარის ოდენობით, წელს კი მხოლოდ 9.9 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნების ექსპორტი განხორციელდა, რაც 93%-იან ვარდნას წარმოადგენს.
რაც შეეხება ევროკავშირში სხვა საქონლის ექსპორტს, გაზრდილია აზოტოვანი სასუქებისა და ღვინის ექსპორტი, თუმცა შემცირებულია ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ევროკავშირში 2024 წლის იანვარ-აპრილში:
· აზოტოვანი სასუქები – $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%;
· თხილი და კაკალი – $15 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
· ნავთობი (რეექსპორტი) – $10.5 მილიონი, წინა წელს ექსპორტი არ დაფიქსირებულა;
· ღვინო – $10.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;
· სპილენძის მადნები – $9.9 მილიონი, კლება წინა წელთან 93%.
ევროკავშირის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში წელს 9.3% შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 14.7% იყო.