„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ეკონომიკურ ფორუმში „ქალები ბიზნესში“ მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალების ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვას და თავად ეროვნულ ბანკში მაღალი მენეჯმენტის ყველა წევრი და საბჭოს უმრავლესობა ქალბატონია.
„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ მუდმივად ვუჭერდით მხარს შესაბამის ინიციატივებს. გახსოვთ ალბათ 2018 წლიდან ჩვენ მოვთხოვეთ კომერციულ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20%-ით ქალებით დაკომპლექტება, რის შედეგადაც მომდევნო წლებში ქალთა წილი 9%-დან 30%-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
ვიცე-პრეზიდენტმა, ყურადღება გაამახვილა ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ფინანსური განათლების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის აუცილებლობაზე. მან ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაზე და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, რაც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას. ამასთან, საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს ქალებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები შეიმუშაონ.
აღსანიშნავია, რომ სებ-ი 2023 წელს გახდა WE (Women Enterprises)-Finance Code ინიციატივის მხარდამჭერი. ეს მრავალმხრივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემების გამოყენების ხელშეწყობას გენდერული პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობის პოლიტიკის შემუშავებაში.
„ეროვნულ ბანკში ვგეგმავთ ხელი შევუწყოთ ცვლილებებს და გავაძლიეროთ შესაძლებლობები ქალების საკუთრებაში მყოფი ან მათი ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესის დაფინანსების მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ყოველწლიურად გამოქვეყნების საქმეში. ამით კი გვსურს გავაფართოოთ და შემოვიტანოთ ახალი ზომები ქალთა ხელმძღვანელობით მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და დასაფინანსებლად.“-აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
ფორუმზე, სხვადასხვა ფორმატში განიხილეს ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პროექტისა თუ გრანტის მეშვეობით აძლიერებენ და ეხმარებიან ქალებს ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში. ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, USAID-ის და EBRD-ის წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე რომლებსაც დგამენ ფინანსებზე და საკონსულტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მეწარმე ქალები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. მათ მიეცათ შესაძლებლობა თავიანთ რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრათ.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა წარმატებული ქალების მოკლე გამოსვლები Women Talks: “მარცხი = შესაძლებლობა”, ასევე ქოუჩინგის სესია – “საჯარო გამოსვლის ტექნიკები”, რომელში ჩართვაც ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლო.

ეკონომიკური ფორუმი “ქალები ბიზნესში”, რომელმაც 300-მდე მონაწილე გააერთიანა, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, Gazelle Finance და Visa გაიმართა.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ