საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, IFC-სთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

6 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.
ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირისა და SBFN-ის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსების კუთხით შესამჩნევი პროგრესია მიღწეული.
„ეროვნული ბანკი კვლავ რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული და ამ პროცესში პარტნიორებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევუერთდეთ პარტნიორ ქვეყნებს მდგრადი ფინანსების მიმართულებით გაწეულ აქტივობებში და დღევანდელი ფორუმი ფასდაუდებელ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილების გაზიარების, ახალი გამოწვევების გამოვლენისა და საქართველოში მდგრადი დაფინანსების მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბებისათვის”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ