საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 879.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.0 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 4.7 მლრდ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 879.5 მლნ დოლარი შეისყიდა.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
· აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
· მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
· ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს“, – აცხადებენ სებ-ში.