საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 52 წლის სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ძიკიჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
“კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული – მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირსა და ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ”. – წერია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.
კალათბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე წინა მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან ერთადაც მუშაობდნენ.
ალეკსანდარ ძიკიჩს 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბული (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიური (ოლიმპია, კრკა), ლიტვური (რიტასი), მონტენეგროული (ბუდუჩნოსტი), ესპანური (ესტუდიანტესი) და ისრაელური (აპოელი) კლუბები გაუწვრთნია. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ძიკიჩი NBA-ში წავიდა და 2 წლის განმავლობაში მინესოტა ტიმბერვულვზის მწვრთნელის ასისტენტი იყო.
გასულ, 2023 წელს ძიკიჩი ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები წინა, ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გასული წლის სექსტემბერში დატოვა. ის ნაკრებს 7 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.